საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აღსანიშნავია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობა საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სატყეო მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 13 შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხშირად ხდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

ვითარდება ქართულ-ავსტრიული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში 2014 წელს პირველად დაფუძნდა ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი.

ავსტრიული კომპანიები სერიოზულად არიან დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. უკვე განხორციელდა ავსტრიული ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში (გუდაურჰესი). ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, პერიოდულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები. შექმნილია საქართველო-ავსტრიის შერეული ეკონომიკური კომისია, რომელიც მონიტორინგს უწევს თანამშრომლობას ქართული და ავსტრიული მხარეების მიერ ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში.

აქტიურად მიმდინარეობს ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგებში, რასაც ემსახურება საკუთრივ ავსტრიაში ორგანიზებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (მაგალითად, თბილისის კულტურის დღე ვენაში, თანამშრომლობა ვენის მუსიკალურ უნივერსიტეტსა და თბილისის კონსერვატორიას შორის, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების გამოფენა, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და ა.შ.). გარდა ამისა, ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სახელმწიფო მოხელეებისთვის.