საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამთა მელაშვილის საჯარო კითხვის საღამო ვენის ლიტერატურის სახლში

2019 წლის 2 ოქტომბერს, ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატისა და KulturKontakt Austria-ს ორგანიზებით, ვენის ლიტერატურის სახლში გაიმართა ქართველი ავტორის თამთა მელაშვილისა და მისი ავსტრიელი კოლეგის დიდი დრობნას ერთობლივი საჯარო კითხვის საღამო.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა Kulturkontakt Austria-ს პროგრამების კოორდინატორმა ბრიგიტე ბურგმან-გულდნერმა, რომელმაც ისაუბრა Kulturkontakt Austria-ს პროგრამა „Writers in Residence“-ის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ქართველი ავტორი თამთა მელაშვილია. საუბარი შეეხო აგრეთვე ქართულ ლიტერატურასა და თანამედროვე ქართველ მწერლებს. აღინიშნა, რომ გერმანულენოვან სივრცეში თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ თამთა მელაშვილმა თავისი ნაწარმოებიდან „გათვლა“ მცირე ნაწილი წაიკითხა, შემდეგ კი ნაწარმოების კითხვა გერმანულ ენაზე განაგრძო მოწვეულმა მსახიობმა ბეთინა ქერლმა. თამთა მელაშვილმა ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ასევე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენის კულტურული და სამეცნიერო წრეების, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. 

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატისა და Kulturkontakt Austria-ს ერთობლივი პროგრამა „Writers in Residence“ ყოველწლიურად საშუალებას აძლევს უცხოელ ავტორებს რამდენიმე თვე გაატარონ ავსტრიის დედაქალაქში და იმუშაონ ახალ ნაწარმოებებზე.