საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ.ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა. მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 

დავით ზალკალიანმა ავსტრიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბოლო განვითარებების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის. 

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.