საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. 

საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთოსთან და აღნიშნა ორივე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში.

 საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას მინისტრმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის მაღალი დონის ღონისძიებები, რაც პრიორიტეტებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ეუთო-ს და ევროპის საბჭოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევადობის აუცილებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.