საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს
2021 წლის 11 თებერვალს, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს.
საქართველოს დელეგაციამ მკაცრად დაგმო ეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები.
ქართული მხარის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინის დელეგაციებმა, ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოთქვეს ზაზა გახელაძის დაკავების გახანგრძლივების გამო და მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. დელეგაციები თავიანთ გამოსვლებში გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს საქმეზე გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსულ მხარეს მისი შესრულებისკენ.

გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წელს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

https://mfa.gov.ge/News/euto-s-mudmivi-sabchos-skhdomaze-rusetis-saoku-(2).aspx?CatID=5&fbclid=IwAR2OeVnc3n7zp3bQbGVQufBW5S6ZBAI2KfYd3M1bABP56g2fYKDKLz4X7FQ