საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 15 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა

2021 წლის 15 აპრილს, ვენაში გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა.

ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმებულია. 

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მიზნით, მდინარე ენგურის გადაკვეთისას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევაზე და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად კრიტიკულია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების პოლიტიკური დღის წესრიგისგან გამოყოფა. ლაშა დარსალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა და დაგმო ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივება და შეაფასა, როგორც ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.  გამოსვლაში ხაზი გაესვა, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და ცდილობს, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. აქვე, ლაშა დარსალიამ დაგმო რუსეთის მიერ მიმდინარე დესტრუქციული ქმედებები და გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ქართულმა მხარემ კიდევ დაადასტურა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართულმა მხარემ ეუთო-ს ტრიბუნიდან რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში უპირობოდ შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, დაუყოვნებლივ დაუშვას ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები. აქვე, მან განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, აზერბაიჯანის,  გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, სომხეთის, შვეიცარიისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის სახელით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება და არ შეუშალოს ხელი ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. 

მეგობართა ჯგუფი ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასაც - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ  საქმეზე და ადგენს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე რუსეთის ეფექტურ კონტროლს. იგი ასევე ადგენს ქართველ ომის ტყვეთა წამებაზე, ქართველი სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, ეთნიკურად ქართველთა საკუთარ სახლებში დაბრუნების აღკვეთაზე, უკანონო და თვითნებურ დაკავებებზე და ადამიანის უფლებათა დარღევების არგამოძიებაზე რუსეთის პასუხისმგებლობას   

საქართველოს მეგობართა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ კვლავაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებას და მათი გადაადგილების შეზღუდვას. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, სრულად დაემორჩილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ერთობლივ განცხადებაში მეგობართა ჯგუფი ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან, უკანონო დაკავებებთან, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვასა  და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 

აღნიშნულია, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უმძიმესი შედეგები სდევს თან, რისი ნათელი დადასტურებაც აპრილის დასაწყისში მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვაა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. 

მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოუხსნას ნებისმიერი წინაღობა დამნაშავეთა დასჯის პროცესს.  

მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პროგრესის მიღწევა ძირითად საკითხებზე, როგორიცაა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. 

მეგობართა ჯგუფი, ასევე, მხარდაჭერას გამოხატავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი და აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს მექანიზმის მუშაობა გალში. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფი ასევე ადასტურებს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მისცეს მისიას მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა. 

https://mfa.gov.ge/News/2021-clis-15-aprils-saqartvelos-sagareo-saqmeta-mi.aspx?CatID=5