საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის განცხადება ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის პრეზენტაციის საპასუხოდ

2021 წლის 10 ივნისს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილმა მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის პრეზენტაციის საპასუხოდ. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროპის საბჭოს მტკიცე და შედეგზე-ორიენტირებულ მიდგომას რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებისადმი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით. ამ კონტექსტში, ელჩმა ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას, რომლებიც ასახავენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ამ გამოწვევების მოგვარების აუცილებლობაზე და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საჭიროებზე სხვადასხვა ზომების, მათ შორის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მექანიზმების შეღწევის საშუალებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს მიერ კონფლიქტით დაზარელებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის, ამ პრაქტიკის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში.