საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის შესახებ 12 აგვისტო 2021

2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, რომელზეც ქართული მხარის ინიციატივით, იმსჯელეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყების 13 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე, დელეგაციების წინაშე გამოსვლისას, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ 13 წლის წინ, საქართველოში განხორციელებული აგრესიით, რუსეთმა დაარღვია სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ უსაფრთხოებას, ხელყო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და დღესაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ინტენსიურად აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის თემატიკაზე და მიუთითა, რომ ევროპულმა სასამართლომ  რუსეთის ფედერაციას, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტური კონტროლს, დააკისრა  პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და  ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, რასაც თან ერთვის ადგილობრივ მცხოვრებთა უკანონო დაკავებები. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და სხვათა დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობაზე. ასევე, მან ვრცლად ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. აღნიშნა გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, უსაფრთხოების ვითარების მწვავე გაუარესება, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და სხვ. ითქვა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, შემაშფოთებელია რუსეთის მიერ  ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე უარის თქმა.

საქართველოს დელეგაციამ სხდომაზე, ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ძირითად საკითხებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებზე.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამ კუთხით, მან ისაუბრა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე. ელჩმა მიუთითა, რომ ეს გახლავთ უნიკალური  ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს,  საერთო ეროვნული ჩართულობით, შემუშავდეს შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებმა. ასევე, აშშ-ს წარმომადგენელმა გააჟღერა ერთობლივი განცხადება ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით (წევრები - ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ). გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ერთობლივ განცხადებაში გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მათი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და გახშირებულ პროვოკაციულ ქმედებებზე. ყურადღება გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიუღებლობაზე, რომელიც არღვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს განაჩენის სათანადო აღსრულება. მათ ხაზი გაუსვეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების, მათ შორის უკანონოდ განთავსებული სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის აუცილებლობას. დელეგაციებმა ისაუბრეს ადგილზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მწუხარება გამოთქვეს უკანონო დაკავებების შესახებ და მოუწოდეს ტყვეების დაუყოვნებელი გამოშვებისაკენ. ასევე, მათ მოუწოდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დაშვებისკენ, მისიის მანდატის შესაბამისად.

დელეგაციებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ და დადებითად შეაფასეს ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც მიმართულია კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.