საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე პოლონეთის თავმჯდომარეობის გახსნა

2022 წლის 13 იანვარს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ პოლონეთის 2022 წლის თავმჯდომარეობის გეგმები წარმოადგინა.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილმა წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა პოლონელ პარტნიორებს და დაუდასტურა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ელჩი მიესალმა პოლონეთის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. ასევე, მან მადლობა გადაუხადა მინისტრს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე ყურადღების გამახვილებისთვის.
განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ისაუბრა რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და კიდევ ერთხელ შეახსენა რუსულ მხარეს 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
თავის გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილი ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში რუსეთის განსაკუთრებით აგრესიულ რიტორიკასა და მოთხოვნებს, რაც მიმართულია ცივი ომის პერიოდის მსგავსად, ევროპის “გავლენის სფეროებად” დაყოფისკენ; დიპლომატიური მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანესია, თუმცა არცერთ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება სხვა ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და არჩევანზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს სასურველი ალიანსი - ეს ძირითადი პრინციპი უნდა იყოს დაცული, აღნიშნა საქართველოს ელჩმა.