ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო - ევროკავშირი

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია გამოაქვეყნა

8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით შედეგი გამოიღო და საქართველოს მოსახელობისათვის კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი მოიტანა.

უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.

უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები.

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა

27.02.2017 - ​დღეს 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების პროცესში შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
 
1 მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. 
 
უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. ამასთან, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია  საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად.
 
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.
 
მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის და შეუქმნის მათ მოტივაციას ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის პირობები. 

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მოხარული ვართ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა. ვაფასებთ  ევროპარლამენტის მიერ გამოხატულ ნდობასა და თანადგომას  საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც დამატებითი ბიძგის მომცემია ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი რეფორმების გასაგრძელებლად.

ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ  ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების  მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.


ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთეებით, რაც ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასა და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს.

შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების  შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავენ შესაბამის მოთხოვნებს და მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე

8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად. 
 
მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.​

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ

13 დეკემბერს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ტრიალოგის პირველივე შეხვედრის ფარგლებში შედგა.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.
იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილება დაამტკიცა

20 დეკემბერს, გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის დამტკიცება, რომელიც 13 დეკემბერს შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. 

მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას

12 იანვარი ბრიუსელი - გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივის წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.

მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. 

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 7 8
10 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ