ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხის განხილვა

2017 წლის 9 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში, 5 მარტს, ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის საკითხი იქნა განხილული.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის იზოლირებას.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ელჩმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, ევროკავშირის და კანადის (კანადა და ნორვეგიის სახელით) დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და  მოლდოვა.

გამომსვლელებმა თავის განცხადებებში ცალსახად დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტი. მათ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.  

თავის განცხადებაში აშშ-ის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი უკანონო „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს, რომელიც იმართება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. 

 

ვენა, 2017 წლის 9 მარტი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ