ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი

 

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით

 

2017 წლის 25 მარტს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაახლოვა.

ისტორიულად, საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები საუკუნეზე მეტს ითვლის. ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის მონარქია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოსთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული 3 საკონსულოდან 2 საქართველოში, ბათუმსა და თბილისში იყო განთავსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, ბერტა ფონ ზუტნერი 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და ამ წლებს იგი „ცხოვრების სკოლად“ მოიხსენიებდა.

ავსტრიის რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად 1921 წლის 11 თებერვალს აღიარა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს ეს ურთიერთობები შეწყდა და 1992 წლის 25 მარტს აღდგა, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ერთობლივ კომუნიკეს მოეწერა ხელი. საქართველოს სახელით, კომუნიკეს იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ცნობილმა ქართველმა დიპლომატმა თედო ჯაფარიძემ მოაწერა ხელი, ხოლო ავსტრიის რესპუბლიკის სახელით - იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოის მოკმა.

დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, საპოლიციო და სხვა სფეროებში. მოხარულნი ვართ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.

მისასალმებელია, რომ ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სექტორებით. ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ბატონმა სებასტიან კურცმა საქართველოში განხორციელებული ბოლო ვიზიტისას მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის განმტკიცების გზაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ 2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, ავსტრიის საელჩოს გახსნა.

საქართველოსა და ავსტრიას შორის დღეს არსებული მჭიდრო პარტნიორობა მრავალი ადამიანის მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგია. მსურს გავიხსენო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჩემი უძვირფასესი მეგობარი და ღირსეული ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაში ის განსაკუთრებული წვლილი, რაც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ ელჩებს ბატონებს - გიორგი არსენიშვილს, კონსტანტინე ჟღენტს, ვიქტორ დოლიძეს და პაატა გაფრინდაშვილს მიუძღვით. აქვე მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოადგენდნენ.

საიუბილეო თარიღი მსურს ასევე მივულოცო ავსტრიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. სასიხარულოა, რომ ქართველი ხელოვანები, ექიმები, ბიზნესმენები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები თავისი წარმატებული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის საამაყო ელჩები არიან.

ავსტრიასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას, შეუძლებელია არ გავიხსენო ქალბატონი ევა ბერგერი. ჩვენმა ძვირფასმა ევამ, ჯერ როგორც საქართველოში ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელმა და შემდეგ, როგორც ავსტრიის საპატიო კონსულმა, თითქმის ორი ათწლეული გაატარა საქართველოში. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა ევროპული ინტეგრაციის რთულ გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გასაღრმავებლად და ქართველი მეგობრების დასახმარებლად.

მადლობას ვუხდი ასევე თითოეულ ავსტრიელ კოლეგას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მათ შორის საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩებს: ფრდრიხ ბაუერს, ვალტერ ზიგლს, ჰაიდემარია გიურერს, მარიუს კალიგარისს, მიხაელ პოსტლს, სილვია მაიერ-კაჟბიჩს, აქსელ ვეხს და არად ბენკოს.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში,
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

 

 

ვენა, 2017 წლის 25 მარტი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ