ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საკითხი იქნა განხილული

23.03.2017 ვენა, ავსტრია - აღნიშნულ საკითხზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე  განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა. ქართული მხარის განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნა, რომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მეტიც, ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად, საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არ აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ და უხეშად ირღვევა მათი ძირითადი უფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა.

საკუთარ გამოსვლაში ქართველმა დიპლომატმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე, ხოლო  რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, უკრაინის, ნორვეგიის (ნორვეგიამ განცხადება გააკეთა ასევე კანადის სახელით) და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ისლანდია, თურქეთის რესპუბლიკა, მოლდოვა და სან-მარინო.

გამომსვლელებმა თავის განცხადებებში ცალსახად დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მათ ასევე დაგმეს, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო ძალების მიერთების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მათ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, როგორც ამას მისიის მანდატი ითვალისწინებს.

ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ე.წ. „არჩევნები" აფხაზეთის რეგიონში. მან ასევე დაგმო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა" და სამხრეთ ოსეთის რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით უკანონო „რეფერენდუმის" ჩატარების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამხედრო შენაერთების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხსენებულ ე.წ. „შეთანხმებას" არ ექნება სამართლებრივი სტატუსი ევროკავშირისთვის. მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებისა და ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპები.  

აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობის თანხმობის გარეშე  უკანონოდ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამასთან, გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამხედრო შენაერთების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ.  
ნორვეგიის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები და ხაზი გაუსვა საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენის აუცილებლობას.

უკრაინის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ადასტურებს მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ