ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით

27.03.2017 თბილისი - ​საქართველოს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოხატული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ 28 მარტიდან ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილებას. დღევანდელ გლობალურ და ცვალებად სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები მარტივად მოგზაურობდნენ ევროპის ტერიტორიაზე, ვინაიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლა ნიშნავს დაუბრკოლებელ გადაადგილებას თავისუფალ სამყაროში. 

უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.
 
ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება ერთ-ერთია იმ ხელშესახებ სიკეთეთაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შედეგად ღებულობენ. სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აღიქვამს ევროკავშირს, მის ჭეშმარიტ ღირებულებებს და მასთან დაახლოების შედეგად მიღებულ სარგებელს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს თანამემამულეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ევროკავშირის კონკრეტული პროექტების, პროგრამებისა და დახმარების შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
 
საქართველოში ევროკავშირის მიერ 1992 წლიდან განხორციელებული პროგრამები ორიენტირებულია რეფორმების მხარდაჭერაზე, ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ პერიოდის მანძილზე ევროკავშირმა საქართველოში სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების  ფარგლებში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გასწია. 
 
2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება მიმართულია შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერისკენ. ყოველწლიურად ევროკავშირი დაახლოებით 100 მლნ ევროს ოდენობით ეხმარება საქართველოს. ევროკავშირის დახმარება მრავალი ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება, როგორიც არის საბიუჯეტო დახმარება, პირდაპირი გრანტები და ინსტიტუციური გაძლიერება.
 
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA), რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და ხელს უწყობს მაღალი სტანდარტის ქართული პროდუქციის წარმოებას, საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს თავისუფლად გაიტანონ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების და ტექნიკური ბარიერების გარეშე. 
 
ორმხრივი დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ENPARD-ს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით კოოპერატიული თანამშრომლობის მხარდაჭერას. პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში 110 მლნ ევრომდე ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს საქართველოში მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, დასაქმებულ ოჯახებს და სოფლად შემოსავლების ზრდას.
 
ევროკავშირის  დახმარება 2017-2020 წლებისთვის ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა შეძლოს  შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ევროკავშირის ახალი პროგრამა - „DCFTA Facility“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. აღნიშნული პროგრამა მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას მისცემს და ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება.
 
საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის პირობებში თვალსაჩინო შედეგები გამოიღო და დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება.  ამ პროცესმა დიდი სტიმული მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს. წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.6 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით მეტია. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 30% შეადგინა.
 
2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  471 მილიონი შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ასევე, საქართველოში აქტიურად დაიწყო საქმიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც განიხილავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს.
 
გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 263,076 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 8.6%-ით მეტია.
 
აღნიშნული მონაცემებითაც ნათელია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია ხელს უწყობს არა მხოლოდ დამატებითი შემოსავლების მიღებას, არამედ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსების განვითარებას, რაც გაზრდის ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზრებზე და აამაღლებს მათ მდგრადობას თანამედროვე გამოწვევების წინაშე.
 
საქართველო წარმატებით სარგებლობს  ევროკავშირის რეგიონული პროგრამებით ენერგეტიკის (INOGATE), ტრანსპორტის (TRACECA), გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
 
ევროკავშირი საქართველოში თემატურ ინსტრუმენტებსაც ნერგავს, როგორიცაა მაგალითად პროგრამა ERASMUS+. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ხელმისაწვდომია, როგორც სხვადასხვა სახის სტუდენტური სასწავლო პროგრამები, ასევე პროგრამები დოქტორანტებისათვის და უნივერსიტეტების აკადემიური წრეებისათვის. ERASMUS+ პროგრამით აკადემიურ პერსონალს ეძლევა საშუალება დახვეწონ სასწავლო პროგრამები და წაიკითხონ ლექციები სხვადასხვა დისციპლინაში ევროპის უნივერსიტეტებში. განათლებული და თანამედროვე უნარების მქონე ახალგაზრდა თაობა დემოკრატიული საქართველოს განვითარების წინაპირობაა.
 
2015 წელს საქართველო ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ასოცირებული პარტნიორი  გახდა. ეს არის ევროკავშირის 7-წლიანი პროგრამა, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს კულტურის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, რათა განავითარონ თანამშრომლობა საკუთარ კოლეგებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 6 პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 209 ათასი ევროა.
 
2016 წელს საქართველო ასოცირებული წევრის სტატუსით ჩაერთო პროგრამა HORIZON 2020-ში, რომელიც უნიკალურ  შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს სამეცნიერო წრეებს განავითარონ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინოვაციებისა და კვლევების სფეროში. ამ ეტაპზე ვმონაწილეობთ 14 პროექტში, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 1.3 მილიონ ევროს. 
 
ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს  ევროკავშირს.
 
ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა და მზად ვართ ძალისხმევა არ დავიშუროთ მის განსახორციელებლად. გეგმა ეფუძნება 6 ძირითად მიმართულებას:
 

1. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობის და ინსტიტუციური პრაქტიკის მაქსიმალურ მიახლოებას ევროპულთან;

2. ევროკავშირის სპეცილიზირებულ სააგენტოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენმა სააგენტოებმა მიიღონ მაქსიმალური ტექნიკური დახმარება და ცოდნა ევროპელი კოლეგებისგან, გაძლიერდნენ ინსტიტუციურად და ამასთანავე, მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ადრეულ ეტაპზე;

3. ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, საქართველოს მოქალაქეებისა და პოტენციური ბენეფიციარების მაქსიმალური ინფორმირება, მათში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება და ახალი სასარგებლო პროგრამების მოძიება და მათში მონაწილეობა. აღნიშნული დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს მიიღონ მეტი პრაქტიკული სარგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან, მოხდეს მეტი ინტეგრაცია ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპულ ფონდებთან წვდომით;

4. ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოს სტრუქტურების რეგულარულ დიალოგს სექტორალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე. ეს აამაღლებს ჩვენს ცნობადობას ევროპული სექტორალური პოლიტიკის წარმოების შესახებ და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სექტორების განსავითარებლად ევროპული პოლიტიკის შესაბამისად და ასევე, მათი რესურსების ეფექტური გამოყენებით;

5. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი, რაც მოგვცემს საშუალებას უკეთ იქნას შეფასებული ჩვენი როლი საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში და გვქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია ევროპულ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სტრუქტურებთან ჩვენი და რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე, ჩვენი სისტემები იყოს მაქსიმალურად თავსებადი. საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში, 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში.  საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2016 წელს, ევროკავშირმა საქართველო პირველად მოიხსენია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში. დოკუმენტში საქართველო განსაზღვრულია რეგიონულ ლიდერად და აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს  პოზიტიური ცვლილებების პროცესს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში;

6. პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ინტეგრაციასთან ერთად, მოხდეს ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან, რაც გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ინტერესები სინქრონიზებულია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რაც საფუძველია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 7 8
10 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ