ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გზამკვლევი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

 

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

ევროკავშირის/შენგენის რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი უვიზოდ მოგზაურობა?

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:

დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს https://www.gov.uk/check-uk-visa

ირლანდიის ვიზის მისაღებადირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა)


ვიდეო: რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლით სარგებლობა (1)

უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

90dge.png

180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით, მაგალითად, შემდეგნაირად:

შეიძლება თუ არა 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნისტერიტორიაზე?

დიახ, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.

რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.


მოკლევადიანი ვიზიტის მიზნები

უვიზო მიმოსვლის პირობებში ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში შეგიძლიათ გაემგზავროთ სხვადასხვა მიზნით:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
ვიდეო: რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლით სარგებლობა (2)

რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
 

სად და როგორ შემიძლია ავიღო ბიომეტრიული პასპორტი?

რჩება თუ არა ძალაში 2010 წლის აპრილამდე გაცემული არაბიომეტრიული (საქართველოს გერბიანი) პასპორტები და შესაძლებელია თუ არა ვიმოგზაურო ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ასეთი პასპორტით?

 

2010 წლის აპრილამდე გაცემული არაბიომეტრიული პასპორტები ძალაში რჩება მათი ვადის გასვლამდე, თუმცა ასეთი პასპორტის მფლობელებს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე გასამგზავრებლად ესაჭიროებათ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა. არაბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა არ არის შესაძლებელი.

 

რა მოგეთხოვებათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო კონტროლის დროს:

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.

გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

 

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:

დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში,ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

 

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუკი:

  • ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;

  • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;

  • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

  • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;

  • აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა).


ვიდეო: რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლით სარგებლობა (3)

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს ან სხვა კანონმდებლობას?

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.)

  • 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით;

  • ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლმადე ვადით;

  • ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: consulinfo@mfa.gov.ge

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების სრული საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOffices

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 7 8
10 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ