ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ბატონი კახა კახიშვილი, ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს, ბატონ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში პენიტენციალურ სისტემასაც კურირებს.

შეხვედრის დასაწყისში ქართველმა მინისტრმა, ბატონ ვოლფგანგ ბრანდშტეტერს ვიცე-კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ავსტრიულ მხარეს საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.        

ბატონმა კახა კახიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს და იუსტიციის ფედერალურ მინისტრს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა პატიმართა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, პენიტენციური სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები, რაც მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ახალი ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით სხვა ნოვაციებს გულისხმობს. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რომლის ძირითადი მიმართულებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრება.

შეხვედრაზე ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა ბატონმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა აღნიშნა საქართველოში განხორციელებული მაშტაბური რეფორმების დიდი მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ამ კუთხით საქართველო ევროკავშირის წევრ ზო ქვეყანას ჯობნის კიდეც.

შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და უწყების სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შემდეგ, ბატონმა კახა კახიშვილმა და ბატონმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უწყებები ორმხრივი თანამშრომლობისა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს.

ბატონმა კახა კახიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერი ბატონი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი და სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორატის უფროსი ბატონი ერიხ მაიერი საქართველოში მოიწვია.

ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერთან, იუსტიციის ფედერალურ მინისტრ, ვოლფგანგ ბრანდშტეტერთან შეხვედრის და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ, მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, ვენაში ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და ავსტრიის რესპუბლიკის პენიტენციალური სისტემის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6
10 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ