ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე მსჯელობა გაიმართა

2017 წლის 2 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაზე ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ტოივო კლაარმა, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიუნტერ ბეხლერმა და გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე, როგორიცაა ძალის არ გამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. ისინი მიესალმნენ ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რეგულარულ შეხვედრებს, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ადგილზე პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველსაყოფად.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ბოლო პერიოდში სოფელ ერედვში დევნილი ქართველების კუთვნილი სახლების განადგურებაზე, გალისა და ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაზე და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. აღინიშნა ასევე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას.

საქართველოს დელეგაციის საპასუხო განცხადებაში, რომელიც ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ - მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე. საქართველოს წარმომადგენელმა აქცენტი გააკეთა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების უხეშ დარღვევაზე, აგრეთვე ეთნიკური წმენდის პოლიტიკაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა 2017 წლის სექტემბერში სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტს, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართულ მცდელობას.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას, ქართული მხარის მიერ ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარება და შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

სხდომაზე მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, შვეიცარიის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტაინი, უკრაინა და მოლდოვა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით.

ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას საქართველოს რეგიონებში სამხედრო და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განთავსებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების თაობაზე მკაფიო ვალდებულების აღება არის უმნიშვნელოვანესი.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა ასევე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტთან დაკავშირებით და დასძინა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები არის მიუღებელი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მან მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, გაიყვანოს ჯარები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აღიარება. აშშ-ის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ დღემდე არ არის დაკავებული გიგა ოთხოზორიას მკვლელი და ხაზი გაუსვა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ იმისათვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის გადაჭრა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ