ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

2017 წლის 21 დეკემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მ.წ. 12-13 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესი. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე; აქცენტი გააკეთა გალის რაიონის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობასა და  სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტზე. საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნული  შეაფასა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ქართველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა 2016 წელს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას. საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, შესრულებისა და აღნიშნულის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების  აუცილებლობას და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისაკენ.

სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და სან მარინო.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დადებითად შეაფასა მონაწილეთა მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დისკუსიების გაგრძელება და აღნიშნა, რომ ამავდროულად უნდა მოხდეს ახალი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზგასმულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალისა და ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღების საჭიროება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო წვრთნების გახშირების თაობაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის უსაფრთხოების სივრცის ქვეშ მოქცევის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, სოხუმში რუსეთის საბაჟო ოფისის გახსნისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და  გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და  სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები და აღნიშნა, რომ ამით იზღუდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება.
ამასთან, აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა სოფელ ერედვში  ქართველი დევნილების სახლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით  და აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.

აშშ-ს დელეგაციამ აგრეთვე გამოთქვა წუხილი, რომ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვა, მათ შორის ვერც იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის, რადგან მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განხილვები კვლავაც დატოვეს. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ, იმისათვის, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის. აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა მონაწილეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმების მისაღწევად.

უკრაინის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ჩვეულებად იქცა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მათ მიმართ სამხედრო აგრესია. შესაბამისად, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აიძულონ რუსეთი, დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ