დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ, შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
კარლ ნეჰამერმა შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური კანცლერი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღმართული მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.