საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა

2022 წლის 27 თებერვალს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიმდინარე აგრესია უკრაინის მიმართ. განცხადება გააკეთა უკრაინის ელჩმა, რომელმაც მიმოიხილა შექმნილი უმძიმესი ვითარება.

ეუთო-ს მონაწილე დელეგაციებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და მოუწოდეს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. მათ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დაადასტურეს ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

საქართველოს დელეგაციამ  გააკეთა ეროვნული განცხადება, რომელშიც  მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რამაც გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. გამოითქვა შეშფოთება სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის გამო. საქართველოს დელეგაცია შეუერთდა მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და ჩაერთოს მშვიდობიან მოლაპარაკებებში.

ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მიერ განცხადების გაკეთების დროს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი.