საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებული სხდომა

2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებული სხდომა, რომელშიც ვიდეო ჩართვების საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოს სახელით ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის პასუხად, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებას,  ეწინააღმდეგება რა გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

მან ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ამ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე.

საქართველოს დელეგაცია ასევე მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების დროს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, კოლეგებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი.