საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის განცხადება ეუთოს მუდმივ საბჭოზე

დღეს, 2022 წლის 7 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის მასიური სამხედრო აგრესია, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომელსაც იწვევენ რუსეთის უკანონო ქმედებები. ამ კუთხით, გამოითქვა შეშფოთება სამოქალაქო ობიექტების დაბომბვების თაობაზე რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა და 1,5 მილიონზე მეტი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ ნაცნობია აგრესიის, ომისა და ოკუპაციის მტკივნეული შედეგები.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, მათ შორის თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ჰუმანიტარული მისიით.
ქართული მხარე, ასევე, მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას.