საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს წარმომადგენლობის აქტივობები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმასა და ომზე

• 17 თებერვალი - მუდმივი საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციამ გააკეთა ეროვნული განცხადება, ასევე მივუერთდით EU განცხადებას;

• 21 თებერვალი - მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა. საქართველოს დელეგაციამ გააკეთა ეროვნული განცხადება, ასევე მივუერთდით EU განცხადებას;

 • 22 თებერვალი - გაძლიერებული მუდმივი საბჭოს სხდომა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა განცხადება, მივუერთდით EU განცხადებას;

• 23 თებერვალი - უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმი. რუსეთის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს დელეგაციამ ისარგებლა პასუხის უფლებით. მივუერთდით EU განცხადებას;

 • 24 თებერვალი - გაძლიერებული მუდმივი საბჭოს სხდომა. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება რუსეთის აგრესიის საკითხზე, მივუერთდით EU განცხადებას (24 თებერვალი). საქართველოს დელეგაციამ, პარტნიორებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, დატოვა დარბაზი რუსეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის დროს;

• 24-25 თებერვალი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა  უკრაინის მხარდამჭერი განცხადება; 

• 27 თებერვალი - საგანგებო მუდმივი საბჭო. გაკეთდა საქართველოს დელეგაციის ეროვნული განცხადება, მივუერთდით EU განცხადებას. საქართველოს დელეგაციამ, პარტნიორებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, დატოვა დარბაზი რუსეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის დროს;

• 1 მარტი - იმპლემენტაციის შეფასების ყოველწლიური შეხვედრა (AIAM). საქართველოს დელეგაციამ, სხდომის გახსნით სესიაზე გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია. ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის მიერ უკრაინის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას. შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით,  საქართველოს დელეგაცია შეუერთდა პარტნიორებს და პროტესტის ნიშნად, უარი თქვა როგორც რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლაზე, ისე, მომდევნო სესიებზე დასწრებაზე;

• 3 მარტი - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ  გააკეთა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის  უკანონო ქმედებები იწვევენ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. ამ კუთხით, გამოითქვა შეშფოთება სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის გამო, რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს დელეგაციამ მწუხარება გამოხატა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის, მარინა ფერინას დაღუპვის გამო და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და კოლეგებს.  საქართველოს დელეგაცია შეუერთდა მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის, ჰუმანიტარული მისიით. ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას;

• 7 მარტი - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის მასიური სამხედრო აგრესია, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომელსაც იწვევენ რუსეთის უკანონო ქმედებები. ამ კუთხით, გამოითქვა შეშფოთება სამოქალაქო ობიექტების დაბომბვების თაობაზე რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა და 1,5 მილიონზე მეტი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ ნაცნობია აგრესიის, ომისა და ოკუპაციის მტკივნეული შედეგები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, მათ შორის თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ჰუმანიტარული მისიით. ქართული მხარე, ასევე, მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას;

• 9 მარტი - ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის სხდომის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები უკრაინის მიმართ და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები და ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შეუფერხებელი წვდომა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. 

• 9 მარტი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე, ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ელჩის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყონებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართული მხარის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინის ატომურ სააგენტოს მიეცეს საშუალება, აღადგინოს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა ბირთვულ სადგურზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბირთვული ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მართვა. საქართველოს დელეგაცია ასევე მიუერთდა მმართველთა საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ ევროკავშირის განცხადებას უკრაინაში არსებული ბირთვული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ;

• 16 მარტი - საქართველოს დელეგაციამ გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში. ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას;

• 17 მარტი - საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა განცხადება გააკეთა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რომელშიც დაუჭირა უკრაინას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართული მხარე შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს  გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება, რაც სავალდებულოა და მოითხოვს მისი მხრიდან უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო მოქმედებების და აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას;

• 23 მარტი - ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის სხდომის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ქართული მხარე ასევე მიუერთდა ევროკავშირის განცხადებას;

• 24 მარტი -  საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა განცხადება გააკეთა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დირექტორის მიერ მუდმივი საბჭოსადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ოფისსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და დაადასტურა ამ ურთიერთობების გაღრმავების მზაობა;

• 24 მარტი - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, სასტიკი და დამანგრეველი შედეგები მოაქვს უკრაინელი ხალხისთვის. ამ კუთხით, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებმა 3.5 მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქცია, ხოლო ოკუპირებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში დარჩენილ მოსახლეობას უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.