საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მრგვალი მაგიდა საქართველოს შესახებ ზალცბურგის უნივერსიტეტის “საერთაშორისო კვირეულზე”

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ზალცბურგის უნივერსიტეტის “საერთაშორისო კვირეულის” ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით -“Confronting Political Destabilization in the EU”s Neighbourhood: a Georgian Perspective”. 

ღონისძიება შედგა ზალცბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით და მიეძღვნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს. 

ღონისძიებაზე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯლეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროკავშირის სამეზობლოში არსებულ რთულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა, შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ევროპული პერსპექტივის ნათლად გამოხატვის აუცილებლობას. 

ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა აგრეთვე საქართველოსა და ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, რომლებიც ბევრი ქართველი სტუდენტებისთვის შესაძლებელს ხდის, ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ ავსტრიის უნივერსიტეტებში. 

ზალცბურგის უნივერსიტეტის “საერთაშორისო კვირეული” 4-8 აპრილის პერიოდში მიმდინარეობს და ავსტრიული მხარის მოწვევით, მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.