საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ავსტრიის კვლევით ცენტრებსა და პოლიტიკურ ფონდებთან

2022 წლის 27 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვენაში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა ავსტრიის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და პოლიტიკური ფონდების წარმომადგენლებთან. 
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე, პირველ რიგში, საქართველოს  ევროინტეგრაციის საკითხზე, ასევე განხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მისი გავლენა საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა.
 მინისტრის მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების  განაცხადის გაკეთება და ევროკომისიისაგან თვითშეფასების კითხვარის მიღება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 
ამ კონტექსტში, თეიმურაზ ჯანჯალიამ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო  კითხვარის უმოკლეს დროში დასრულებისათვის წარმოებული აქტიური სამუშაო. 
საუბარი შეეხო უსაფრთხოების გართულებულ გარემოს, რაც კიდევ უფრო დამძიმდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. ამ თვალსაზრისით, განხილული იქნა არსებული გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე. მინისტრის მოადგილემ ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა როგორც უსაფრთხოების,  ასევე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით.
დისკუსიისას მინისტრის მოადგილემ უპასუხა ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეკითხვებს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით.