2022 წლის 27 სექტემბერს, ვენაში, ევროკავშირის სახლში, ევროკავშირის ქვეყნების კულტურის ინსტიტუტების გაერთიანების - EUNIC Austria (European Union National Institutes for Culture -Austria) ორგანიზებით, გაიმართა ევროპული ენებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება.
წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნა გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის ცნობილ ნაწარმოებს - “მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი” და მასზე წარმოდგენილი იყო ამ წიგნის გამოცემები სხვადასხვა ევროპულ ენებზე, მათ შორის, ქართულადაც.
საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში წელსაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში და ევროკავშირის სახლში წარმოადგინა ქართული კუთხე, სადაც ავსტრიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ ანბანს, მის ისტორიასა და თავად ეცადათ, დაუფლებოდნენ ქართული დამწერლობის საწყისებს.