2022 წლის 26-28 სექტემბერს, შედგა ავსტრიის პარლამენტში ავსტრია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიელმა პარლამენტარებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
შეხვედრების ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ავსტრიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე და აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრიორიტეტებზე ქვეყანა ინკლუზიურად მუშაობს, კერძოდ, პროცესში ჩართულია როგორც მთავრობა და პარლამენტი, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. საუბარი შეეხო ასევე ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასა და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაში.
ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტში საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტარებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.