23-25 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით ეწვია ავსტრიის რესპუბლიკას.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა ზალცბურგის ევროპის რიგით მე-18 სამიტში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სესიაზე „გაფართოების ახალი ტალღა - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო“ (“New Enlargement - Ukraine, Moldova, Georgia”) სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა აგრეთვე ორმხრივი შეხვედრები გამართა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან ელჩ პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალთან, აგრეთვე ავსტრიის პარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ანდრეას მინიხთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ევა ერნსტ-ძიძიჩთან, ავსტრიის პარლამენტის წევრებთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო და ევროპის საკითხებში სპიკერთან, შფეტან შენახთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ დირექტორთან კარლჰაინც კოპფვთან.
მხარეებმა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიული მნიშვნელობა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და მიმდინარე რეფორმებს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე ავსტრიის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრებისას, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.
ავსტრიელმა კოლეგებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების გაწევის მზაობა გამოთქვეს.