3-4 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ვიზიტით ეწვია ავსტრიის რესპუბლიკას.
ვიზიტის ფარგლებში შედგა მაღალი დონის შეხვედრები ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრთან ალმა ზადიჩთან და იუსტიციის სამინისტროს სხვა ქვეუწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან, ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგთან.
საქართველოს დელეგაცია ასევე ესტუმრა ავსტრიის პენიტენციურ დაწესებულებებსა და სასწავლო ცენტრს და ამ სფეროში ავსტრიის გამოცდილებას გაეცნო. ქართული მხარისთვის აგრეთვე საინტერესო აღმოჩნდა პრობაციის სისტემაში ავსტრიული მხარის გამოცდილება და მართვის სისტემები, რომლებიც ავსტრიელმა კოლეგებმა დეტალურად გააცნეს სტუმრებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის იუსტიციის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.