საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარზე წარდგა

3 დეკემბერს, ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ორგანიზებით, რიგით 53-ე საქველმოქმედო ბაზარი (UNWG International Festival Charity Bazaar) გაიმართა. საქველმოქმედო ბაზარზე სხვა ქვეყნებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდიც, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველომ წლევანდელ საქველმოქმედო ბაზარზე ორი სტენდით მიიღო მონაწილეობა: ერთზე წარმოდგენილი იყო ეროვნული კერძები და ქართული ღვინო, ხოლო მეორეზე - ქართული ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები, ეროვნული წარმოების პროდუქტები, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო ბაზარი ყოველწლიურად იმართება და მას რამდენიმე ათასობით საერთაშორისო დამთვალიერებელი ჰყავს.
საქველმოქმედო ბაზარზე შემოსული თანხით გაეროს ქალთა გილდია სოციალურად დაუცველ ბავშვებთან დაკავშირებულ საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს საელჩო ქალთა გილდიაში 2010 წელს გაწევრიანდა და მას შემდეგ ყოველ წელს მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქართული სტენდის ყველა მონაწილეს საქველმოქმედო პროექტში ჩართულობისთვის და ქართული პროდუქციის წარმოდგენისთვის!