ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ვახაუს ევროპის ფორუმის 2023“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ახალი კომპასი - რომელ მიმართულებას აირჩევს ევროპის უსაფრთხოება“?
23-24 ივნისს, საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვახაუს რიგით 27-ე ფორუმში, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ისეთი თემების განსახილველად, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოება, ევროპის უსაფრთხოება და მომავალი.
ღონისძიების ფარგლებში, დიალოგის ფორმატში გაიმართა დისკუსია, სახელწოდებით „ახალი კომპასი - რომელ მიმართულებას აირჩევს ევროპის უსაფრთხოება“? (A New Compass – Which Direction will Europe‘s Security take?).
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ქეთევან ციხელაშვილის მხრიდან აღინიშნა საქართველოს მთავარი გამოწვევა- მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროება საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ერთიანი ევროპული არქიტექტურის ფარგლებში.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ ავსტრიის რესპუბლიკის, ირლანდიისა და ფინეთის ევროპულ საკითხთა მინისტრები: კაროლინე ედტშტადლერი, პეტერ ბურკე და ტუტი ტუპურაინენი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტის წევრმა ავსტრიის რესპუბლიკიდან, ლუკას მანდლმა. ღონისძიება გახსნა ვახაუს ევროპის ფორუმის პრეზიდენტმა, მარტინ აიხტინგერმა.