შეხვედრა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან
2025 წლის 6 მაისს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ საელჩოში ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, ზალცბურგის ფედერალური მიწის ყოფილ გუბერნატორს, დოქტორ ფრანც შაუსბერგერს უმასპინძლა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გასული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა. ასევე, განხილულ იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც როგორც IRE-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას, ისე საქართველოსა და ავსტრიის რეგიონებს შორის მომავალი თანამშრომლობის შემდგომ ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს დაარსებული ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი 23 ქვეყანასა და 150-ზე მეტ რეგიონს, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტს აერთიანებს. ამასთან, აჭარის რეგიონი, რომელიც 2012 წელს შეუერთდა ინსტიტუტს, აქტიურად მონაწილეობს IRE-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.