2025 წლის 11 მაისს მაუთჰაუზენში ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების მე-80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2025 წლის 11 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიების მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლო მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს ავსტრიის რესპუბლიკაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა. საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა ეფრემმა (ლომიძემ) მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს კონსული ავსტრიის რესპუბლიკაში თამთა კინწურაშვილი, საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლები, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.