ელჩის სამუშაო ვიზიტი ფორარლბერგის ფედერალურ მიწაზე
ფორარლბერგის ფედერალურ მიწაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრები გამართა მიწის გუბერნატორთან, ადგილობრივი სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან და ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე _ ავსტრიული კომპანიების: „დოპელმაიერისა" და „რაუხის" აღმასრულებელ დირექტორებთან. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქალაქ დორნბირნში ფორარლბერგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და მის ბაზაზე დაფუძნებულ კვლევით ცენტრს ეწვია. ქეთევან ციხელაშვილმა ქალაქ ბრეგენცში ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქართველები მოინახულა. ელჩმა მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მათ შორის, აღინიშნა ქართველი ტენორის, ოთარ ჯორჯიკიას წარმატება, რომელიც ბრეგენცის მუსიკალურ ფესტივალზე მონაწილეობას უკავშირდება. კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იყო საუბრის მთავარი თემა ელჩსა და ბრეგენცის ხელოვნების სახლის დირექტორს შორის.
ფორარლბერგის მიწის სავაჭრო პალატაში განხილულ იქნა რეგიონის გამოცდილება ინდუსტრიალიზაციისა და ტურიზმის სფეროში. ავსტრიულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. აღინიშნა რეგიონში დაფუძნებული ავსტრიული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.
კომპანიებთან: დოპელმაიერთან და რაუხთან შეხვედრისას ხაზი გაესვა მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ჰაბის გამოყენების მნიშვნელობას.
სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური ურთიერთიბების გაღრმავებას დაეთმო საუბრის მთავარი ნაწილი ელჩსა და ფორარლბერგის მიწის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორსა და ინოვაციური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობას შორის.
ავსტრიული მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ: ფორარლბერგის მიწის სავაჭრო -ეკონომიკური პალატის პრეზიდენტი, ამავე ორგანიზაციის დირექტორი და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, კომპანია დოპელმაიერის აღმასრულებელი დირექტორი, აგრეთვე, კომპანია რაუხის აღმასრულებელი დირექტორი, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორი, კვლევითი ცენტრის - V-Research- დირექტორი და ბრეგენცის ხელოვნების სახლის დირექტორი.