საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ავსტრიის მშვიდობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ელჩების სპეციალურ სესიასა და „ავსტრიის მშვიდობის ფორუმის“ გახსნით ღონისძიებაში
3 ივლისს, საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო შლაინინგში მდებარე „ავსტრიის მშვიდობის ცენტრის“ (ACP) მიერ ორგანიზებულ ელჩების სპეციალურ სესიაში, რომელსაც ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან ერთად საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გენერალური დირექტორი, რობერტ მარდინი.
დისკუსიის მთავარი თემის ირგვლივ - „კავშირი კლიმატის ცვლილებასა და კონფლიქტებს შორის“ - საუბრისას რობერტ მარდინიმ აღნიშნა წითელი ჯვრის როლი კონფლიქტურ რეგიონებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის კუთხით და ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია ამგვარ რეგიონებში კლიმატზე ზიანის მიყენების პრევენციისაკენ.
დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში მხარდაჭერისა და სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისგან არის გამოწვეული.
თავის მხრივ, რობერტ მარდინიმ საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას ყურადღება დაუთმო ჟენევის კონვენციასა და მის ფუნდამენტურ პრინციპებს, აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების აღსრულების აუცილებლობა.
სპეციალური სესიის შემდეგ შლაინინგში გაიმართა პირველი „ავსტრიის მშვიდობის ფორუმი (#AustrianForumforPeace)“. ფორუმი მიეძღვნა თემას, სახელწოდებით - „მშვიდობის მომავალი - არაპროგნოზირებად გლობალურ გარემოში ახალი პასუხების ძიებაში“. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ ACP-ის პრეზიდენტი, ნორბერტ დარაბოში, ბურგენლანდის მიწის გუბერნატორი, ჰანს პეტერ დოსკოცილი, არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰოსამ ზაკი და ეუთოს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ჯუნდევი.