რწმუნებათა სიგელის გადაცემა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტთან
2025 წლის 11 მარტს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის ოფისში, ჰოფბურგის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორმხრივი შეხვედრა. ავსტრიის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში. ალექსანდრე მაისურაძემ, თავის მხრივ, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს, ისევე როგორც რეგიონში არსებულ ვითარებას.
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ ჰოფბურგის სასახლის ეზოში გაიმართა სამხედო აღლუმი, რომლის დროსაც სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.

