2024 წლის 25 ივნისს ქალაქ ვენაში ქართული კულტურის საღამო გაიმართა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2024 წლის 25 ივნისს, ქ. ვენის მუსიკალურ დარბაზში - „Das Muth“ ქართული კულტურის საღამო გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ: ავსტრიის პარლამენტისა და მთავრობის, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აგრეთვე სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსული, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელით, ელჩმა გერჰარდ ზაილერმა.
თავის გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დიასპორას, ხაზი გაუსვა ქართული კულტურის უნიკალურობას, მრავალფეროვნებასა და ევროპულ ხასიათს, ისევე როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შეუქცევადობას. ელჩმა ისაუბრა საქართველო-ავსტრიის მეგობრულ და მრავალმხრივ დინამიკურ ურთიერთობებზე, განსაკუთებით ბოლო წლების მიღწევებზე, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის სამთავრობათაშორისო და საპარლამენტთაშორისო ოფიციალური ვიზიტები, რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერება და პირდაპირი ავიარეისების გაზრდილი სიხშირე, რასაც ახლახან დაემატა „ავსტრიის ავიახაზების“ ფრენები ვენა-თბილისის მიმართულებით. ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრობისა და საკვანძო საკითხებში, კერძოდ, ევროპული ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ელჩმა გერჰარდ ზაილერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს აქტიური საქმიანობისათვის, ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ქართული კულტურის საღამოზე წარსდგა ბავშვთა ცეკვის ანსამბლი „გელათი“, რომელიც ორი წლის წინ დაფუძნდა ქ. ვენაში და ბავშვებსა და ახალგაზრდებს ავსტრიაში არსებული ქართული დიასპორიდან შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ქართული ცეკვა. ანსამბლმა შეასრულა „ცეკვა ქართული“ და „განდაგანა“, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე აუდიტორიაზე.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოდან სპეციალურად ჩამოსულ ცნობილ ქართველ მუსიკოსს დათო კენჭიაშვილსა და ბენდ „ექსპერიმენტს“, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ქართულ დიასპორაში. მუსიკოსებმა დამსწრე აუდიტორიას შესთავაზეს კომპოზიციები, რომლებიც ქართული ხალხური სიმღერისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ბენდის მუსიკოსები აგრეთვე ესტუმრნენ ქალაქ გრაცს, სადაც სასიმღერო მასტერ-კლასი ჩაატარეს გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა „იმედთან“ არსებულ ბავშვთა ანსამბლისა და მოყვარულთათვის.
კულტურის საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.
