ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სიმონ არშაულიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
2026 წლის 22 მაისს, საელჩომ უმასპინძლა სიმონ არშაულიძის შემოქმედებით საღამოს, რომლის ფარგლებშიც წიგნის „თუშნო წყალობა ჯვარისა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქართულ და გერმანულ ენებზე დიასპორული პროექტების კონკურსის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
საღამოს დასაწყისში სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წიგნის ავტორმა, სიმონ არშაულიძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ. შემდეგ კი, სიმონ არშაულიძემ, ქართული დიასპორის სხვადასხვა თაობის წარმომდგენლებთან და საელჩოს თანამშრომლებთან ქართულ და გერმანულ ენებზე წაიკითხეს ნაწარმოებები წიგნიდან „თუშნო წყალობა ჯვარისა“.
საღამოზე ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის სამრევლოს მგალობლებმა შეასრულეს ქართული საგალობლები და თანამედროვე სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები, ქართული დიასპორისა და ავსტრიული საზოგადოების წარმომდგენლები.

