მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ვებგვერდზე.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. ჩვენს ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აკავშირებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე და ევროპული მისწრაფებებისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის. ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური, კულტურული და აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას, აგრეთვე ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები ან დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების (თანამემამულეების) ინტერესების დაცვას.
ვენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრს, სადაც განიხილება გლობალური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აქტიურად მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, საქართველოს ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.
მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ავსტრიის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე ყველა იმ ორგანიზაციისა და პარტნიორისადმი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ საერთო მიზნების მისაღწევად.
ჩვენი ვებგვერდი შექმნილია იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საერთაშორისო საქმიანობის შესახებ. აქვე, შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ჩვენს საქმიანობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე გაეცნოთ საკონსულო მომსახურების წესებს და მიიღოთ საჭირო დახმარება. ამ მიზნით, გთავაზობთ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ სოციალურ ქსელებს:
https://www.facebook.com/GeorgiainAustria/
https://x.com/georgiainaus?lang=bn
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.