Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ავსტრიის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. სიმბოლურია, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა გვაკავშირებს - ბერტა ფონ ზუტნერი, მშვიდობის დარგში ავსტრიელი ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ამ წლებს იგი „ცხოვრების სკოლად“ მოიხსენიებდა.

საუკუნე ნახევრის წინ დაწერილი მისი უნივერსალური მოწოდება მშვიდობისკენ - “ძირს იარაღი” დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბერტა ფონ ზუტნერი დღეს მავთულხლართები, ჯარისკაცები, იარაღი და ტანკებია განლაგებული. ოკუპირებული  აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და თან ახლავს უამრავი ადამიანის ყოველდღიური ტანჯვა.

ასე რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებლისთვის გრძელდება და  ჩვენი „იარაღი“ კი მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებაა. ეს შეუქცევადია - და ეს გზა დიდი ხნის წინ, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებით 100 წლის წინ დაიწყო. ავსტრია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომაც დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვების შემდგომ 1992 წელს ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ვენაში დააფუძნა. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი გახლავთ 2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, ავსტრიის საელჩოს გახსნა.

ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც რჩება ჩართული ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად. ავსტრია აგრეთვე მხარს უჭერს საქართველოს ურყევ მისწრაფებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ კუთხით აღსანიშნავია ავსტრიული მხარდაჭერა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ე.წ. Twinning პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა დარგობრივი ინსტიტუტების განვითარებაში. 

აღსანიშნავია ავსტრიული ბიზნესის  სულ უფრო მზარდი დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის,  ტრანსპორტისა და სხვა სექტორებით. ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADA-ს მრავალწლიანი საქმიანობა საქართველოში, რაც ასევე ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ ავსტრიული კომპანიები. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და რაც შეიძლება მეტი ავსტრიული ინვესტიცია მოვიზიდოთ.

საელჩო იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატებში, არამედ მრავალმხრივი დიპლომატიის იმ დიდ ასპარეზზეც, რომელსაც ვენაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციები ქმნიან. აქტიურად ვიყენებთ მრავალმხრივ პლატფორმებს, რათა კონსოლიდაცია გავუწიოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედით მხარდაჭერას საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად. უპირველესად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და იქ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების წარმოსაჩენად და შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების კონსოლიდაციისთვის. ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ძალიან სასიხარულოა წარმატებული ქართველების მოღვაწეობა ავსტრიაში და მათ მიერ შეტანილი წვლილი სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. ქართველი ხელოვანები, ექიმები, ბიზნესმენები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები თავისი წარმატებული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის საამაყო ელჩები არიან. სასიხარულოა ასევე, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ავსტრია ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ყალიბდება. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ავსტრიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან. ყოველთვის მზად ვართ საინტერესო ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, ჩვენი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, რომ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები და საელჩო ერთობლივი ძალისხმევით უკეთ წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანასა და მის მიღწევებს.

 

ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში