ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „VieVinum 2026“ გაიმართა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობდა
2026 წლის 16-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საერთაშორისო ღვინის გამოფენა „VieVinum 2026“ გაიმართა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობდა. „VieVinum“ ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღვინის გამოფენაა, რომელიც ვენაში 1998 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მონაწილეობენ.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ, ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას. ელჩმა საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის 8000-წლიან ტრადიციაზე, რომელიც ქვეყნის კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, ღვინოს საქართველოსთვის არა მხოლოდ ისტორიული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, არამედ კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული ქვევრის ღვინის უნიკალურ ტრადიციას, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ გამოფენის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ალექსანდრა გრასკი-ჰოფმანი, ავსტრიის ღვინის მარკეტინგის მმართველი დირექტორი კრის იორკი, ავსტრიის მევენახეთა ასოციაციის პრეზიდენტი იოჰანეს შმუკენშლაგერი და ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური მდივანი იოჰანეს აბენტუნგი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, VieVinum 2026-ში 24 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ღვინის კულტურა, უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები და თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის სინთეზი წარუდგინა. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის სპეციალური მასტერკლასი.
.jpg&w=3840&q=100)
.jpg&w=3840&q=100)