თეიმურაზ ჯანჯალია ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
2024 წლის 19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტის დელეგაციასთან, კომიტეტის თავმჯდომარის, ქრისტოფ მაცნეტერის ხელმძღვანელობით.
შეხვედრისას, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვანი წვლილისთვის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ავსტრიელ დეპუტატებს გააცნო ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, ასევე, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. ხაზი გაესვა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში, გაწევრიანების პროცესში შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადასვლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ავსტრიის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ ავსტრიელ დეპუტატებთან ასევე მიმოიხილა რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ავსტრიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების ისტორიაში.