ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციის განცხადება „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით
ბატონო თავმჯდომარევ,
საქართველოს დელეგაციის სახელით, გვსურს ვისარგებლოთ ამ შემთხვევით, რომ შევაჯამოთ ორკვირიანი „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენცია“, რომელიც არის მნიშნელოვანი პლატფორმა დიალოგისთვის მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, და ასევე, აზრთა ურთიერთგაზიარებისთვის ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
ეუთო-ს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილის - „ადამიანური განზომილების“, ეფექტიანობა დამოკიდებულია ღია დიალოგზე, ინკლუზიურ მონაწილეობასა და მონაწილე სახელმწიფოებთან სამოქალაქო საზოგადოების შინაარსიან ჩართულობაზე. ამავდროულად, ეუთო-ს პლატფორმების სანდოობა ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას. სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის.
ბატონო თავმჯდომარევ,
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას, და არ გამოიყენებოდეს შერჩევითი ინტერპრეტაციების, შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზირების ინსტრუმენტად.
ამასთან, ეუთო-ს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და მექანიზმებისა, გადამწყვეტია ორგანიზაციის სანდოობისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელებისთვის. აღნიშნული პრინციპები უნდა იყოს დაცული თანმიმდევრულად და ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე.
საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული ჩართულობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა - ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს.
გმადლობთ, ბატონო თავმჯდომარევ.

